English / ქართული / русский /
ნაზირა კაკულია
განახლებადი ენერგიის მოხმარებისა და მდგრადი განვითარების გამოწვევები საქართველოში

საქართველო და მასთან ერთად მთელი მსოფლიო მნიშვნელოვანი ალტერნატივის წინაშე დგას. როგორ გაანაწილოს ლიმიტირებული რესურსები იმგვარად, რომ შენარჩუნდეს გარემო პირობები და მინიმალური ზიანი მიადგეს, მიაღწიოს ეფექტიანობას და ამასთანავე ეკონომიკური სარგებელი მეტნაკლებად თანაბრად გადანაწილდეს საზოგადოების წევრებს შორის. სწორედ ამიტომ ქვეყნება მაქსიმალურად უნდა დაიცვან გარემოს მდგრადი განვითარების პრინციპები და დანერგონ მწვანე ეკონომიკის სტანდარტები.

მდგრადი განვითარება საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემას გულისხმობს, რომელიც საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას ისარგებლონ შექცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი. მდგრადი განვითარება გულისხმობს ეკონომიკური ზრდის ისეთ ფორმას, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების კეთილდღეობას მოკლე, საშუალო და რაც მთავარია, ხანგრძლივი ვადით. იგი ეფუძნება პრინციპს, რომლის თანახმად, დღევანდელობის მოთხოვნილებები უნდა დაკმაყოფილდეს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მომავალ თაობებს. მდგრადი განვითარება გულისხმობს პირობების შექმნას გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისათვის გარემოს დაცვის საკითხების მაქსიმალური გათვალისწინებით.

მწვანე ეკონომიკა არის ეკონომიკური განვითარების ის მოდელი, რომელიც დამყარებულია მდგრად განვითარებასა და ეკოლოგიური ეკონომიკის ცოდნაზე. ის ეკონომიკის სხვა დარგებისაგან იმით განსხვავდება, რომ პირდაპირ აფასებს ქვეყნის ბუნებრივ კაპიტალს, რომელსაც აქვს ეკონომიკური ღირებულება. მწვანე ეკონომიკა ქმნის მწვანე სამუშაო ადგილებს, უზრუნველყობს რეალურ, მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და ამცირებს გარემოს დაბინძურებას, გლობალურ დათბობას, გარემოს დეგრადაციას და აფერხებს რესურსების გამოლევის საშიშროებას. მწვანე ეკონომიკა სტიმულს აძლევს და მოტივაციას უქმნის ბიზნესს, აწარმოოს მწვანე პროდუქტი და მომსახურება. მწვანე ეკონომიკა მიჩნეულია ეკონომიკური თეორიის იმ კომპონენტად, სადაც იგი ეკოსისტემის ნაწილად მოიაზრება.მრავალი სპეციალისტის აზრით, მწვანე ეკონომიკა ექვს მთავარ სექტორს მოიცავს:

  • განახლებადი ენერგია (მზის, ქარის, გეოთერმული, საზღვაო, მათ შორის ტალღების, ბიოგაზის და სითბური უჯრედების ენერგია);
  • მწვანე შენობები (ენერგიის მწვანე მოდიფიკატორები, მწვანე პროდუქტები და მასალები);
  • სუფთა ტრანსპორტი (ალტერნატიული საწვავი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჰიბრიდული და ელექტრო სატრანსპორტო საშუალებები);
  • წყლის მენეჯმენტი (წყლის და წვიმის გამწმენდი სისტემები, შიდა წყლის ლანდშაფტი, წყლის გამოყენება);
  • ნარჩენების მენეჯმენტი (უტილიზაცია, მუნიციპალური ნარჩენი მასალების გამოყენება, ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესება, გაწმენდა);
  • მიწის მენეჯმენტი (ორგანული სოფლის მეურნეობა, ურბანული ტყეები და პარკები, ტყეების განაშენიანება).

განახლებადი ენერგია ტერმინი წიაღისეული რესურსების - ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის ჩანაცვლებასთან არის გაიგივებული.  მარაგების ამოწურვა: ქვანახშირი და ნავთობი უხსოვარი დროიდან დედამიწის წიაღში დალექილი მცენარეული და ცხოველური ნარჩენებისგან წარმოიქმნა, ამიტომ მათ „წიაღისეული საწვავი“ ეწოდება. ჩვენ არ ვიცით რა რაოდენობის ქვანახშირი ან ნავთობი არის დედამიწაზე, თუმცა მათ განუზომლად უფრო სწრაფად მოვიხმართ, ვიდრე წარმოქმნისთვის არის საჭირო, შესაბამისად მსოფლიოს მარაგი შესაძლებელია ამოიწუროს.

განახლებადი ენერგია არის ენერგია, რომელიც წარმოიქმნება განახლებადი რესურსებისგან, როგორიცაა მზის სხივი, ქარი, წვიმა, ტალღები და გეოთერმული სითბო. განახლებადი ენერგია ძირითადად ენერგიის ოთხ მნიშვნელოვან სფეროში გამოიყენება: ელექტროენერგიის გენერირება, ჰაერისა და წყლის გათბობა/გაგრილება, ტრანსპორტირება და ელექტრო მომარაგება.

21-ე საუკუნის განახლებადი ენერგიის პოლიტიკის ქსელის (REN21, 2017) 2017 წლის ანგარიშის თანახმად, 2015 წელს განახლებადი ენერგიის წილმა მსოფლიოს ენერგიის მთლიან მოხმარებაში 19.3% შეადგინა, მაშინ როცა 2016 წლის მდომარეობით განახლებადი ენერგიის წილი  24.5%-მდეა გაზრდილი. აღნიშნული ენერგო მოხმარება შემდეგნაირად ნაწილდება: ტრადიციული ბიომასა - 8.9%, სითბური ენერგია– 4.2%,  ჰიდროენერგეტიკა - 3.9%  და ქარის, მზის, გეოთერმულ და ბიომასის ენერგია - 2.2%.

გრაფიკი 1: განახლებადი ენერგიის დინამიკა

წყარო: https://www.irena.org/publications/2019/May/Renewable-power-generation-costs-in-2018

ამასთანავე, 2015 წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით განახლებად ენერგიის ტექნოლოგიებში განხორციელებულმა ინვესტიციამ 286 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა ჩინეთი და აშშ საკმაოდ მსხვილი ინვესტიციები განახორციელეს ქარის, ჰიდრო, მზის და ბიო საწვავის განვითარებაში (REN21, 2017). მსოფლიოს მასშტაბით, განახლებადი ენერგიის სექტორს დაახლოებით 7.7 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნა უკავშირდება, ხოლო მზის ენერგიის ინდუსტრია ყველაზე მსხვილ დამსაქმებელს წარმოადგენს განახლებადი ენერგიის ინდუსტრიებს შორის (IRENA, 2015). 2015 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ახლადშექმნილი ელეტროენერგიის სიმძლავრეებს შორის ნახევარზე მეტი განახლებად ენერგიაზე მოდის (Vaughan, 2016).

განახლებადი ენერგეტიკული რესურსები გავრცელებულია ფართო გეოგრაფიულ ტერიტორიაზე, განსხვავებით სხვა ენერგორესურსებისაგან, რომლებიც კონცენტრირებულია შეზღუდულირაოდენობისქვეყნებში.

 განახლებადი ენერგიის ინდუსტრიის სწრაფმა განვითარებამ და მაღალმა ენერგოეფექტიანობამ ქვეყნებს საშუალება მისცა მიეღწიათ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, კლიმატური ცვლილებების შერბილებას და ეკონომიკურ კეთილდღეობას (IEA, 2012). ამასთანავე, საერთაშორისო კვლევები ცხადყოფს, რომ საზოგადოება მხარს უჭერს ისეთი განახლებადი ენერგიის გამოყენებით ელექტროენერგიის გენერირებას, როგორიცაა: მზისა და ქარის ენერგია.  ეროვნულ დონეზე, სულ მცირე 30 ქვეყნისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განახლებადი ენერგია წარმოადგენს მთლიანი ენერგორესურსების 20%. ამასთანავე მოსალოდნელია, რომ განახლებადი ენერგიის ბაზრები სწრაფი ტემპით გაიზრდება მომდევნო ათწლეულების განმავლობაში (REN21, 2013). ქვეყნები, როგორიცაა ისლანდია და ნორვეგია, ახდენს ელექტროენერგიის 100 პროცენტის გენერირებას განახლებადი რესურსების გამოყენებით. სხვა განვითარებული ქვეყანები კი მიზნად ისახავენ უახლოეს მომავალში განახლებად ენერგიაზე სრულიად გადასვლას. მაგალითად, დანიის მთავრობა ზემოხსენებული მიზნის მიღწევას 2050 წლისთვის გეგმავს (Vad Mathiensen et al, 2015).

მიუხედავად იმისა, რომ განახლებადი ენერგიის პროექტების უმრავლესობა ფართომასშტაბიანია, განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები ხელმისაწვდომია (თავსებადია) სოფლების, შორეული რეგიონებისა და განვითარებადი ქვეყნებისთვის (WEA, 2001). გაეროს ყოფილი მდივნის პან გი მუნის განმარტებით, განახლებადი ენერგია არის საშუალება ღარიბი ქვეყნებისთვის, რომ გადავიდნენ განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე (Leone, 2011). განახლებადი ენერგიის რესურსების გამოყენება სარგებლიანია საზოგადოებისთვის, რადგან იგი შეიძლება გარდაიქმნას სითბოდ, მას შეუძლია ასევე ეფექტიანად გარდაქმნას მექანიკური ენერგია და რაც მთავარია  სუფთაა მოხმარების მომენტში (Armaroli and Balzani, 2011). გარდა ამისა, განახლებად ენერგიას არ გააჩნია ორთქლის ციკლი მაღალი დანაკარგებით, რაც ელექტროენერგიის გენერაციის პროცესს უფრო ეფექტიანს ხდის. განახლებადი ენერგია სწრაფად ხდება ეფექტიანი და იაფი საშუალება ენერგიის წარმოქმნისათვის.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, 21-ე საუკუნის ბოლოს კაცობრიობის რიცხვი გაორმაგდება და 10-12 მილიარდს მიაღწევს, ბუნებრივია, მოსახლეობის ზრდა ენერგიაზე მოთხოვნის ზრდას გამოიწვევს, გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილების წყარო განახლებადი ენერგია უნდა გახდეს. გარემო: წიაღისეული საწვავის მოხმარება დიდი რაოდენობით ნარჩენენებს წარმოქმნის, რომლის განთავსება ხშირ შემთხვევაში ბევრ ძალისხმევას მოითხოვს და არც ისე ადვილია. ქვანახშირის, ნავთობის, გაზის მოპოვებისას ვრცელი ფართობების გათხრაა საჭირო, ამ დროს ბინძურდება უზარმაზარი ტერიტორია, ახლოს მცხოვრები მცენარეები, ცხოველები, ფრინველები და ადამიანები კი ზიანდება. კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა: წიაღისეული რესურსების წვა აჩქარებს გლობალური დათბობის პროცესს. საწვავის წვის დროს გამოიყოფა მავნე ნივთიერებები, სხვადასხვა გაზები, რომლებიც „სათბურის ეფექტს“ ქმნიან და დედამიწის ზედაპირის ტემპერატურას ზრდიან. „სათბურის ეფექტის“ არსი შემედეგში მდგომარეობს: მზე ათბობს დედამიწის ზედაპირს და ატმოსფეროს, ამ სითბოს 70% უკან კოსმოსში ბრუნდება. წიაღისეული საწვავის წვისას გაფრქვეული სათურის გაზები, ისეთები როგორიცაა, ნახშირორჟანგი, მეთანი, ა.შ. ატმოსფეროს გარს ეკვრის და შემოსული მზის სხივების უკან, კოსმოსში დაბრუნებას ხელს უშლის, ინახავს სითბოს, ანუ ქმნის „სათბურის ეფექტს“, შედეგად კი დედამიწაზე ტემპერატურა იზრდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა სხვა, ალტერნატიული რესურსების ძიებისა და გამოყენების საკითხი, რომელიც ზემოთ განხილული პრობლემების თავიდან აცილების საშუალებას მოგვცემს. 21-ე საუკუნის განახლებადი ენერგიების ქსელი 5 მოთხოვნის დაკმაყოფილების წყაროც გახდება. ეს რესურსებია მზის, ქარის, წყლის, ზღვის ტალღების, ბიომასის, გეოთერმული ენერგია, მათ განახლებადი ენერგიის წყაროები ეწოდებათ რადგანაც ბუნებრივად მოცემულ ენერგიის წყაროებს წარმოადგენენ, რომლებიც სანამ დედამიწა და მზე არსებობს, არ ამოიწურება და მუდმივად განახლდება.[1] ენერგიის მიღების პარალელურად კაცობრიობის პროგრესის შესანარჩუნებლად განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მისი ეფექტიანად გამოყენების საკითხს, ენერგოეფექტურობა კონკრეტული პროდუქტისა თუ მომსახურების შექმნისთვის საჭირო ენერგიის რაოდენობის შემცირებას გულისხმობს, რომლელიც ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებითა და სამომხმარებლო ჩვევების ჩამოყალიბებით არის შესაძლებელი.

თანამედროვე მსოფლიო რიგი ეკოლოგიური და ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას. ადამიანი თავისი საქმიანობის პრაქტიკულად ყველა სფეროთი გავლენას ახდენს გარემოზე და ეს მასშტაბები დღითიდღე იზრდება. ჰაერის დაბინძურება, ქიმიური ნარჩენები, პირდაპირ ზემოქმედებს გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობაზე, ცვლის კლიმატს და ეკოსისტემას პლანეტაზე. დროთა განმავლობაში პრობლემა მწვავდება და მისი განხილვის საკითხიც აქტუალურია. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა თუ  რა წვლილი შეაქვს საქართველოს გარემოსდაცვითი პოლიტიკის განხორციელების კუთხით და რა რეგულაციებია კანონში გარემოს მდგრადი განვითარების პრინციპებთან დაკავშირებით.

გაეროს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს მთავრობებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მრეწველობასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან მთელს მსოფლიოში, რათა განავითაროს ქიმიური ნივთიერებებისა და ნარჩენების მყარი მართვის ძირითადი საშუალებები. ამასთან, ორგანიზაციის პარტნიორები კონცენტრირებულნი არიან უზრუნველყონ  მდგრადი განვითარების მსოფლიო სამიტის მიზნების მიღწევა. უფრო კონკრეტულად, 2020 წლისთვის ქიმიური ნივთიერებები გამოყენებული იქნას იმგვარად და წარმოიშვას ისეთი გზები, რომლებიც ხელს შეუწყობს ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას.  ორგანიზაცია პარტნიორებთან ერთად აქტიურად განიხილავს ხმაურით დაბინძურებასა  და ნარჩენების მართვის პრობლემებს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო ქიმიკატებისა და ნარჩენებთან დაკავშირებული შეთანხმებების განვითარებასა და მხარდაჭერაში: ,,ჩვენ ვასწავლით გლობალურ ალიანსებს, რომლებიც აერთიანებენ ბიზნესს, მთავრობებსა და სამოქალაქო საზოგადოებას თუ როგორ უნდა შეამცირონ გარემოზა უარყოფითი ზემოქმედება და ამასთანავე მიიღონ ეკონომიკური სარგებელი. ასევე ვთანამშრომლობთ  ეროვნულ მთავრობებთან, რათა მათ ხელი შევუწყოთ ქიმიკატებისა და ნარჩენების შესახებ მარეგულირებელი ჩარჩოებისა და სხვა პოლიტიკიური ინსტრუმენტების შემუშავებაში და სტიმული მივცეთ მეცნიერულ კვლევებსა და პროექტებს ამ კუთხით.ქიმიკატები და ნარჩენები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ მათ ასევე დიდი გავლენა აქვთ გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობაზე. როდესაც მსოფლიოს მოსახლეობა 8 მილიარდს მიაღწევს, ქიმიკატებისა და ნარჩენების მართვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ამასთანავე რთული გახდება. გაეროს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია მხარს უჭერს გარემოს და ჯანდაცვის ერთობლივ მიდგომებს, რომლებიც ასახავს ჯანსაღი ქიმიური მენეჯმენტის ეკონომიკურ, გარემოსდაცვით და ჯანმრთელობის უპირატესობასთან დაკავშირებულ ასპექტებს და ხელმისაწვდომობის ზრდას ყველასათვის, რომელიც მიმართულია პოლიტიკისა და ინვესტიციების სტიმულირებისკენ, რათა შეამციროს ქიმიური რისკები ჯანმრთელობისა და გარემოსთვის.

2025 წლისთვის მსოფლიო ქალაქები ყოველწლიურად 2.2 მილიარდი ტონა ნარჩენებს გამოიმუშავებენ, რაც 2009 წელს წარმოებულ რაოდენობაზე სამჯერ მეტი იქნება. ქვეყნები განაგრძობენ ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურებას. პრობლემები გამწვავდება და მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ზემოქმედების საჭიროება უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა განსახორციელებელი: 2010 წლიდან 2014 წლამდე, საშიში ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაადგილების კონტროლისა და მათი განკარგვის კონტროლის შესახებ ბაზელის კონვენციის მონაწილე ქვეყნების  მხოლოდ 57%-ს ჰქონდა მოთხოვნილი მონაცემები და ინფორმაცია. იგივე მაჩვენებელი იყო 71% როტერდამის კონვენციის შემთხვევაში.[2] ამ კონვენციის მიზანია, ხელი შეუწყოს ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებებით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში მხარეების საერთო პასუხისმგებლობის უზრუნველყოფას და ერთობლივ ძალისხმევას, რათა ადამიანის ჯანმრთელობა და გარემო დაცულ იქნეს შესაძლო მავნე ზემოქმედებისაგან, და დაეხმაროს საშიში ქიმიური ნივთიერებების ეკოლოგიურად დასაბუთებულ გამოყენებას მათი თვისებების შესახებ ინფორმაციის გაცვლის გაადვილებით, მათ ექსპორტსა და იმპორტზე გადაწყვეტილების ეროვნულ დონეზე მიღების თაობაზე დებულებების განმტკიცებითა და მხარეებს შორის ამ გადაწყვეტილებათა გავრცელებით.  სტოკჰოლმის კონვენციის შემთხვევაში, მუდმივი

ორგანული დამაბინძურებლების შესახებ, მონაწილეთა 51%-მა მიიღო შესაბამისი რეგულაციები.

საინტერესო და არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის განხილვა, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში ამ კუთხით. როგორ ცდილობს მთავრობა გარემოსდაცვითი პოლიტიკის განხორციელებას, რა წესები, დადგენილებები, რეგულაციები და პროექტებია შემუშავებული.

სამინისტრო ინტენსიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო დონორ და განმახორციელებელ ორგანიზაციასთან, რომელთა მხარდაჭერითაც ამჟამად მიმდინარეობს 60-ზე მეტი პროექტი შემდეგი მიმართულებებით: ატმოსფერული ჰაერის დაცვა, წყლის რესურსების მართვა; მიწის რესურსების მართვა; ნარჩენები და ქიმიური ნივთიერებები; ბიომრავალფეროვნების დაცვა; კლიმატის ცვლილება; ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეები; ტყის რესურსების მართვა; დაცული ტერიტორიები; ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება; გარემოსდაცვითი მმართველობა; მწვანე ეკონომიკა; ურთიერთგადამკვეთი საკითხები.

სამინისტროს ხანგრძლივი და წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება აქვს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებთან და ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF), ევროკავშირი (EU), ჩეხეთის მთავრობა, გერმანიის მთავრობა, მონრეალის ოქმის განმახორციელებელი მრავალმხრივი ფონდი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), მსოფლიო ბანკი (WB), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP), გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA)  და სხვა[3]. საერთაშორისო საზოგადოების ხელშეწყობით და სამინისტროს კოორდინაციით ხორციელდება მთელი რიგი ინიციატივებისა, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის წინაშე არსებული გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევაში, ხოლო რაც შეეხება მეთოდოლოგიას 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Armaroli, NicolaBalzani, Vincenzo (2011). "Towards an electricity-powered world"Energy and Environmental Science. 4: 3193–3222. 
  2. Opitz P, Sustainable Energy Pathways in the South Caucasus:Opportunities for Development and Political Choices „South Caucasus Regional Office of the Heinrich Boell Foundation“, 2015.
  3. Towards the circular economy: Accelerating the scale-up across global supply chains, Geneva, ”World Economic Forum”, 2014.
  4. https://www.irena.org/publications/2019/May/Renewable-power-generation-costs-in-2018
  5. https://www.unenvironment.org/
  6. https://www.weforum.org/agenda/2016/09/what-is-the-paris-agreement-on-climate
  7. http://www.worldbank.org/content/dam/Worldbank/document/eca/Georgia-RMIDPII-press-release-ge.pdf
  8. IRENA (2015), Renewable energy and jobsAnnual review 2015, IRENA.
  9. Kelbakiani, Giorgi; Pignatti. Norberto (2012-13). "Introducing Wind Generation as a Way to Reduce the Seasonal Volatility in Electricity Generation in Georgia". International Association of Energy Economics.

10.Leone, Steve (2011). "U.N. Secretary-General: Renewables Can End Energy Poverty". Renewable Energy World.

11.Quaschning, Volker (2013), Regenerative Energiesysteme. Technologie – Berechnung – Simulation. 8th. Edition. Hanser (Munich), p. 49.

12.http://www.ren21.net/Portals/0/documents/Resources/GSR2011_FINAL.pdf

13.http://new.ren21.net/Portals/0/REN21_GFR_2013_print.pdf 

14.Vad Mathiesen, Brian; et al. (2015). "Smart Energy Systems for coherent 100% renewable energy and transport solutions"Applied Energy. 145: 139–154.

15.Vaughan, Adam (2016). "Renewables made up half of net electricity capacity added last year" – via The Guardian.

16.World Energy Assessment (WEA) (2001). “Renewable energy technologies”, Archived 9 June 2007 at the Wayback Machine.